ერთ-კვირიანი სასწავლო ვიზიტი გერმანიაში

22/02/2019

„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018" წლის გამარჯვებულები ერთ-კვირიანი სასწავლო ვიზიტით გერმანიას სტუმრობდნენ.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ გერმანული რკინიგზის - Deutsche Bahn AG სასწავლო ტრეინინგ ცენტრსა და აკადემიას, სადაც გაეცნენ გერმანული კომპანიის გამოცდილება ახალი კადრების თეორიული და პრაქტიკული სწავლების პროცესს, დაათვალიერეს სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურა და სიმულატორები. მათ, ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ გასაუბრებოდნენ ცენტრის სტუდენტებს და შეგირდებს.

მეორე დღეს, მონაწილეები ეწვივნენ კომპანია Festo-ს, რომელიც ინდუსტრიული ტექნოლოგიების წარმოებაში ერთერთ წამყვან კომპანიად ითვლება მსოფლიო მასშტაბით. მონაწილეებმა დაათვალიერეს კომპანია Festo-ს სატრეინინგო ცენტრი, გაეცნენ შეგირდობის მომზადების პროცესს და მოინახულეს კომპანიის ერთერთი უახლესი საწარმო, სადაც წარმოების პროცესი ‘ინდუსტრია 4.0’ (Industry 4.0) თაობის ტექნოლოგიებით წარიმართება.

გამარჯვებულები, ქალაქ კოლნში, დაესწრნენ ევროპის ერთერთ უმსხვილეს საგანმანათლებლო გამოფენას - Didacta-ს, სადაც წარმოდგენილი იყო 800-მდე გერმანული და ევროპული კომპანია საგანმანათლებლო სფეროში, რომლებიც თანამედროვე სასწავლო აღჭურვილობას, ლაბორატორიებს და მასალებს ქმნიან. 

სასწავლო ვიზიტის ბოლოს, მონაწილეები ესტუმრნენ მანჰაიმის სავაჭრო პალატას (Chamber of Commerce and Industry of Manheim) და ობერჰაუზენის პროფესიულ კოლეჯს, Hans-Sachs-Berufskolleg. მანჰაიმის სავაჭრო პალატაში, მონაწილეები გაეცნენ სავაჭრო პალატის როლს, მნიშვნელობასა და პასუხისმგებლობებს დუალური განათლების პროცესში. პროფესიულ კოლეჯში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ დუალური და პროფესიული განათლების სხვადასხვა დონეებს და დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურა.

„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო" 2018 წლის გამარჯვებულები არიან თამარ გოგრიჭიანი კოლეჯიდან „იკაროსი"(კატეგორია - წლის სტუდენტი), ია მოსაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრის პედაგოგი (კატეგორია - წლის მასწავლებელი), ნონა ღუდუშაური, კოლეჯი „მერმისის" დირექტორი (კატეგორია - წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება) და ნინო ჩხაიძე, „საქართველოს რკინიგზის" ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსი (კატეგორია - წლის ბიზნეს პარტნიორი). 

კონკურსი ჩატარდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში. კონკურსის მთავარი სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.  

დაბრუნდი სიახლეებში