ღია კარის დღე 10 პროფესიულ სასწავლებელში

09/11/2018

6-9 ნოემბერს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის  „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ორგანიზებით, პროფესიული განათლების კვირეული 2018 ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში, მოეწყო „ღია კარის" დღეები ქვეყნის მასშტაბით ათ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც წარმოდგენილი იყო ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით შექმნილი 51 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. 

ღია კარის დღეებზე, ნებისმიერ დაინტერესებული პირს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა პროექტის ფარლგებში შექმნილ ახალ პროფესიულ პროგრამებს, სასწავლო მასალებს, თანამედროვე აღჭურვილობასა და სიმულატორებს. 

ღია კარის დღეები გაიმართა თბილისში, ბათუმში, ფოთსა და რუსთავში. ღია კარის დღეების ფარგლებში, განახლებულ სასწავლებლებს გაეცნენ როგორც აღმასრულებელი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების პირები და კერძო სექტორის წარმომადგენლები, პოტენციური სტუდენტები და მათი მშობლები.

ღია კარის დღეები შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულებებში გაიმართა: საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრი, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი, სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა, პროფესიული კოლეჯი „მოდუსი", საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (ჯიპა), საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია,  საზოგადოებრივი კოლეჯი "ფაზისი", საქართველოს ავიაციის უნივერსიტეტი და საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრი".

დაბრუნდი სიახლეებში