აშშ-ის მთავრობა საქართველოში პროფესიული განათლების მიმზიდველობის გაზრდის მიზნით კიდევ ათ პროექტს დააფინანსებს

19/06/2018

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის III რაუნდის გამარჯვებულები გამოავლენა. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.  

საგრანტო კონკურსის III რაუნდში, რომლის მიზანი პროფესიული განათლების მიმზიდველობის გაზრდაა, 43 განაცხადი შემოვიდა. განაცხადები შემოიტანეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, ასევე კერძო სექტორის და არა-სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა თბილისიდან და რეგიონებიდან. დამოუკიდებელმა შეფასების კომისიამ დასაფინანსებლად შეარჩია ათი პროექტი, რომლის ჯამური ბიუჯეტი 190,295 აშშ დოლარია, საიდანაც საგრანტო თანხა 177,010 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო დანარჩენი 7% (13,285 აშშ დოლარი) - კერძო სექტორის თანადაფინანსებაა.  

დაფინანსებული პროექტების მეშვეობით, შემუშავდება ახალი პროფესიული პროგრამები მწვანე სექტორის მიმართულებით, დაინერგება ახალი მეთოდები დუალური განათლების, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებისა და ინკლუზიური განათლების კუთხით, ხელი შეეწყობა გოგოების დაინტერესებას საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალობებში და გაიზრდება პროფესიული პროგრამების პოპულარიზაცია. 

გამარჯვებულებს სერთიფიკატები გადასცეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილემ სონია შარიგიანმა. 2018 წელს გამარჯვებული ორგანიზაციებია: "მწვანე სექტორი", აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი", შპს "ოლივი", "ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოება", შსს-ს სსიპ 112, "კავკასიის ფერები", Triesdorf Agribusiness Consulting, JumpStart GEORGIA და "არის.ჯი."

დაბრუნდი სიახლეებში