პროფესიულ განათლებაში გენდერულ და თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გამართა

13/06/2018

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში დაფინანსებულ სასწავლო ორგანიზაციებთან ერთად, პროფესიულ განათლებაში გენდერულ და თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გამართა.

მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, სასწავლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროექტების განხორციელების პროგრესზე ისაუბრეს და დღემდე გაწეული საქმიანობა გენდერულ და სოციალურ ჭრილში განიხილეს. ასევე, იმსჯელეს, თუ როგორ აისახა პროექტში სოციალური და გენდერული თანასწორობის ასპექტების ინტეგრირება გოგონებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების რაოდენობაზე; როგორია გენდერული ბალანსი მასწავლებლებში. შეხვედრისას, მონაწილეებმა განიხილეს სასწავლო გარემოს ადაპტირების საკითხი, გენდერულად მიუკერძოებელი სწავლა-სწავლების პრაქტიკა და სასწავლო მასალები. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯენერ ედელმანი და პროფესიული განათლების პროგრამების განმახორციელებელი უნივერსიტეტებისა და კოლეჯების წარმომადგენლები.

"გენდერული და სოციალური თანასწორობა გამჭოლი პრიორიტეტია ათასწლეულის გამოწვევის ფონდისთვის. შესაბამისად, ყველა ჩვენს აქტივობაში ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა იმ სტრატეგიებსა და პოლიტიკას, რასაც ჩვენს მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროფესიული განათლების პროვაიდერი ახორციელებს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ხდება გენდერული და სოციალური ასპექტების ინტეგრირება იმ ახალ საგანმანათლებლო პროგრამებში, რომლებიც გასულ წელს დავიწყეთ. ჯამში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 12 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განახორციელა 10 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომლებმაც 2017-2018 წლებში საქართველოში უკვე დაიწყეს ახალი საგანმანათლებლო პროგრამები."- განაცხადა მაგდა მაღრაძემ.

დაბრუნდი სიახლეებში