ტექნიკური დახმარება პროფესიული განათლების გაძლიერებისთვის

26/04/2018

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში, ტექნიკური დახმარების კომპონენტის განხორციელების შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. 

პროფესიული განათლების ტექნიკური დახმარების კომპონენტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მისი სააგენტოების (განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) მიერ, 2015-2018 წლებში, წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით, წარმატებით განხორციელდა. ამ პერიოდის განმავლობაში შემუშავდა საჯარო-კერძო პარტნიორობის პოლიტიკა, შეიქმნა სიცოცხლის მანძილზე სწავლის და ზრდასრულთა სწავლების, პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე პოლიტიკის დოკუმენტები, ტრენინგ მასალები და სახელმძღვანელოები. 

„ჩვენი საქმიანობის ერთ–ერთი მიზანი პროფესიული განათლების მხარდაჭერაა და ამ ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანია ის ტექნიკური დახმარება, რომელიც გაეწია ამ სფეროში პოლიტიკაზე მომუშავეებს. საერთაშორისო ექსეპერტების დახმარებით, შევიმუშავეთ პროფესიულ განათლებაში კერძო–საჯარო სექტორის თანამშრომლობის პოლიტიკა და სტრატეგია, ავტორიზაციის არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი და მონაწილეობა მივიღეთ პროფესიული განათლების ახალი კანონმდებლობის შექმნაში", - განაცხადა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.

როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა განაცხადა, სწორედ ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში შემუშავდა საჯარო-კერძო სექტორობის პარტნიორობის კონცეფცია, რომლის მოდელის შესაბამისად დაფუძნდა რამდენიმე სასწავლებელი.

აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში, შემუშავებული დოკუმენტები და ანგარიშები, ხელმისაწვდომია პროექტის ვებ-გვერდზე: http://www.iswd.ge/geo/page/51

დაბრუნდი სიახლეებში