ინოვაციური, დისტანციური სწავლების ელექტრონული პლატფორმა პროფესიული განათლებაში

12/02/2018

პროფესიულ კოლეჯმა მოდუსმა, პარტნიორ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან" ერთად, პროექტის „თეორიაზე, პრაქტიკაზე და ვიზუალურ მედიაზე დაფუძნებული დისტანციური სწავლების პროფესიული გადამზადების მოდელი", პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული პროექტი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში ხორციელდება და დაფინანსებულია აშშ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ. 

პროექტის ფარგლებში, შემუშავდა დისტანციური სწავლების ელექტრონული პლატფორმა ავტომექანიკოსის და ელექტრიკოსის პროფესიაზე და შეიქმნა ვირტუალური, ინტერაქტიული, სიმულატორი ქართულ-ენოვანი პროგრამული უზრუნველყოფით. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის" 40 თანამშრომელი გადამზადდა „ჭიათურმანგანუმის" მიერ თავის ბაზაზე სპეციალურად მოწყობილ სატრენინგო აუდიტორიასა  და  სახელოსნოებში. თანამშრომლებს ასწავლიდნენ რუსთავის პროფესიულ კოლეჯ „მოდუსის" პედაგოგები, ქართულენოვანი დისტანციური სწავლების პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით და ინტერაქტიული სიმულატორის გამოყენებით. 

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი 2016 წლიდან ახორციელებს მცირე საგრანტო კომპონენტს, რომლის მიზანია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის გაღრმავება. აღნიშნული პროექტი ასეთი თანამშრომლობის მაგალითია, სადაც პარტნიორობის საფუძველზე შესაძლებელი გახდა თანამედროვე და ინოვაციური სასწავლო გარემოს შექმნა კომპანიის კადრების კვალიფიკაციის ასამაღლებლად. მისასალმებელია, რომ კერძო სექტორი ხედავს თუ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობამ. იმედი გვაქვს რომ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლები ამ პროექტს, როგორც მაგალითს გამოიყენებენ იმისთვის,რომ მათთაც დანერგონ მსგავსი ინოვაციური მიდგომები და თანამედროვე სასწავლო პლატფორმა გამოიყენონ ხარისხიანი სწავლების მიწოდებისთვის", - აცხადებენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდში. 

დაბრუნდი სიახლეებში