გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის პირველი საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა

16/01/2018

2018 წლის 11 იანვარს, გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა. სკოლა მხარდაჭერილია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში და ახალი პროგრამების შესამუშავებლად, სკოლამ ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი დაფინანსება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიიღო. სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და  მთის კურორტების განვითარების კომპანიის ერთობრივი პროექტია.         

საწვრთნელი ბაზის გახსნას დაესწრნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის პრეზიდენტი დავით რაქვიაშვილი, განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი სანდრო ონოფრიშვილი, სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის კონსორციუმის პარტნიორები და სტუდენტები.          

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში დაინერგა ახალი პროფესიული პროგრამები საფეხმავლო და სამთო გამყოლი და ასევე სასერთიფიკატო პროგრამები, როგორიცაა თხილამურების ინსტრუქტორი. ყველა პროგრამა შეიქმნა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით. ბოლო ერთი წლის განმავალობაში აქტიურად მიდიოდა მუშაობა შვეიცარიელ და გერმანელ ექსპერტებთან, რათა ახალი პროგრამები საერთაშორისო სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისად შექმნილიყო.           

გუდაურის  სასწავლო ბაზაზე სტუდენტები პრაქტიკული სწავლების დროს, შეძლებენ ცხოვრებას და თეორიული სწავლების გავლას. სასწავლო ბაზა ერთდროულად 30 სტუდენტის მიღებას შეძლებს. სკოლაში უკვე სწავლობენ სტუდენტები, როგორც თბილისიდან, ისე საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებიდან. გუდაურის გარდა, პრაქტიკული სწავლება მიმდინარეობს აგრეთვე საქართველოს თითქმის ყველა მაღალმთიან რეგიონში (მესტია, ბაკურიანი, გოდერძის უღელტეხილი, გუდაური).

დაბრუნდი სიახლეებში