კონფერენცია 2018



ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ინიციატივით, 2018 წლის 5-9 ნოემბერს პროფესიული განათლების კვირეული გაიმართა.


კვირეული ოფიციალურად, 5 ნოემბერს, პროფესიული განათლების მესამე ყოველწლიური კონფერენციით, „ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში" გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში, პროექტის მიერ დაფინანსებული ათმა პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ „ღია კარის" დღეებს უმასპინძლა. კვირეული დასრულდა 9 ნოემბერს, „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2018" გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალით.


პროფესიული განათლების მესამე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, „ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში" 5 ნოემბერს, სასტუმრო ბილტმორში გაიმართა. კონფერენციის მთავარი მომხსენებლები იყვნენ დიდი ბრიტანეთიდან - ბრიტანეთის ავიახაზების (British Airways) განათლების მიმართულებით აღმასრულებელი დირექტორი, ნაიჯელ ჯერემი და ა.შ.შ-დან კორპორაცია ინტელის (Intel) გლობალური განათლების სექტორის გენერალური მენეჯერი ბრაიან გონსალესი. გამომსვლელებმა თავიანთი კომპანიების გამოცდილება განიხილეს ადამიანურ კაპიტალში ინვესტირების, ახალი კადრების მომზადებისა და განვითარების და საგანმანათლებლო სექტორთან თანამშრომლობის შესახებ.


6-9 ნოემბერს, მოეწყო „ღია კარის დღეები" ათ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც წარმოდგენილი იყო ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" მხარდაჭერით შექმნილი ახალი პროფესიული პროგრამები. „ღია კარის" დღეებზე დასწრება თავისუფალი იყო, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო გაცნობოდა ახალ პროგრამებს და დაეთვალიერებინა განახლებული ინფრასტრუქტურა.


პროფესიული განათლების კვირეული დასრულდა  „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2018" წლის დაჯილდოების ცერემონიალით, რომელიც გაიმართა  9 ნოემბერს, სასტუმრო ბილტმორში. ღონისძიებაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები ოთხ კატეგორიაში: წლის პროფესიული განათლების სტუდენტი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, წლის პროფესიული საგანმათლებლო დაწესებულება და წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი. გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ ერთ-კვირიან სასწავლო ტურში გერმანიაში.


ღონისძიების გენერალური სპონსორი იყო გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ღონისძიების მხარდამჭერი იყო საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი და ს.ს. საქართველოს რკინიგზა.