კონფერენცია

პროფესიული განათლების ყოველწლიური კონფერენციების მიზანია პროფესიული განათლების სტატუსისა და იმიჯის გაუმჯობესება და ამ სექტორში წარმატებული რეფორმებისა და საუკეთესო საერთშორისო გამოცდილების გაზიარება. ყოველწლიური კონფერენცია ერთიან პლატფორმას სთავაზობს ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის პროფესიულ დაწესებულებებს, მთავრობის წარმომადგენლებს, დამსაქმებლებსა და დარგის ექსპერტებს განიხილონ პროფესიულ განათლების სფეროში არსებული წარმატებული მაგალითები, გაეცნონ საერთაშორისო ტენდენციებს და წარმოადგინონ საკუთარი ხედვა ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარების შესახებ.


2016 წლის 18 ივლისს, გაიმართა პროფესიული განათლების პირველი საერთაშორისო კონფერენცია „პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითარებისთვის", რომლის მთავარი თემა იყო თანამედროვე შრომის ბაზარზე არსებულ გამოწვევები და კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდა პროფესიული განათლების სისტემაში.


2017 წლის 31 ოქტომბერს, პროფესიული განათლების მეორე ყოველწლიური კონფერენცია და გამოფენა „პროფესიები მომავლისთვის" ჩატარდა. ღონისძიების მთავარი გამომსვლელი იყო ჯეისონ გრეგორი, ბრიტანული კომპანია Pearson-ის ბიზნესისა და განვითარების დირექტორი, რომელიც წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო საგანმანათლებლო კომპანიას და მუშაობს 70-ზე მეტ ქვეყანაში. ღონისძიების მიზანი იყო ახალი შესაძლებლობების წარმოჩენა, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს პროფესიული განათლების სექტორში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ახალი პროფესიული პროგრამები.


2017 წელს, გაიმართა პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს პირველი გალა-დაჯილდოება, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები შემდეგ ოთხ კაგეტორიაში: წლის პროფესიული განათლების სტუდენტი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, წლის პროფესიული საგანმათლებლო დაწესებულება და წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი.


2018 წლის 5-9 ნოემბერს, გაიმართა პროფესიული განათლების კვირეული, რომელიც პროფესიული განათლების მესამე ყოველწლიური კონფერენციით „ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში" გაიხსნა. კონფერენციაზე მთავარი გამომსვლელები იყვნენ დიდი ბრიტანეთიდან - ბრიტანეთის ავიახაზების (British Airways) განათლების მიმართულებით აღმასრულებელი დირექტორი, ნაიჯელ ჯერემი და ..-დან კორპორაცია ინტელის (Intel) გლობალური განათლების სექტორის გენერალური მენეჯერი ბრაიან გონსალესი. გამომსვლელებმა თავიანთი კომპანიების გამოცდილება განიხილეს ადამიანურ კაპიტალში ინვესტირების, ახალი კადრების მომზადებისა და განვითარების და საგანმანათლებლო სექტორთან თანამშრომლობის შესახებ.


კვირეულის ფარგლებში მოეწყო ღია კარის დღეები ათ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო გაცნობოდა ახალ პროფესიული პროგრამებს,გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურასა და სასწავლო ლაბორატორიებს.


პროფესიული განათლების კვირეული 2018 დასრულდა ყოველწლიური „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018" გალა-დაჯილდოებით, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები ოთხ კატეგორიაში: წლის პროფესიული განათლების სტუდენტი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება და წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი.